სვეტიცხოვლის გეგმა
1
გვერდის ფასადების შუა ნაწილებში მთავარია მზარდი თაღების რიტმი, დასავლეთით კი - ერთი დიდი სარკმელი, რომლის მდიდრულ მორთულობასაც კედლის თითქმის მთელი არე უჭირავს. ამ საერთო თაღოვან რიტმშია ჩართული დასავლეთის ნავის გრძივი (სამხრეთი და ჩრდილოეთი) კედლების სამ-სამი თაღიც, მაგრამ ეს დეკორაციული თაღები კი არ არის, არამედ კონსტრუქციული. იმ მიზნით. რომ კედელი გათავისუფლდეს ზედმეტი მასისაგან, გაკეთებულია ღრმა თაღოვანი ნიშები, რომლებიც მთელ ნაგებობას განსაკუთრებულ პლასტიკურობას ანიჭებს. ოსტატი არ ერიდება პოლიქრომიის ეფექტებსაც - კედელში აქა-იქ ჩართულია სხვადასხვა ფერის ქვები. ძირითადი ქვიშისფერი ყოფილა, საკურთხევლის სარკმლის მოჩუქურთმებული საპირე კი კაშკაშა წითელი ფერის ქვითაა აწყობილი, წითელი "ლაქები" მეორდება სხვაგანაც. შეკეთებათა შედეგად (XV ს-ში შეკეთებული ნაწილების პერანგი მწვანე ქვისაა) ქვაზე ნაკვეთი მორთულობის მთლიანობა დარღვეულია. გვიანდელი ჩუქურთმები, კერძოდ, გუმბათის ყელის სარკმლებისა, ხარისხით დიდად ჩამოუვარდება თავდაპირველთ, მშრალი და დაქუცმაცებულია. რა თქმა უნდა, XI ს-ის მორთულობა გუმბათის ყელზე უფრო მძლავრი იყო, უფრო მკაფიოდ ჩანდა და მართლაც აგვირგვინებდა შენობის მთელ მდიდრულ მორთულობას, თუმცა, საერთო შთაბეჭდილება ამ გადაკეთებათა გამო მაინცადამაინც არ ფუჭდება, რაკი აღდგენილი გუმბათი კარგად ეგუება შენობის სხეულს, ხოლო მორთულობის სხვადასხვაგვარობა შესამჩნევი ხდება მხოლოდ საგანგებო დაკვირვების შემდეგ. მორთულობის ყველაზე საინტერესო ნაწილი დასავლეთის ფასადზეა, ხსენებული სარკმლის გარშემო: ჩუქურთმის სახეები რთული და ძლიერ პლასტიკურია; განსაკუთრებით ამშვენებს ფასადს ვაზის გამოსახულება ორი დიდი სტილიზებული მცენარის სახით კედლის ერთსა და მეორე კიდეში მორთულობის ზოგ დეტალში შეიძლება აღმოვაჩინოთ მოტივები, უკვე ცნობილი სამხრეთ საქართველოს X საუკუნის ძეგლებიდან. ეს დამახასიათებელია სახელმწიფოს გაერთიანების ხანისათვის, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა ხელოვნების მონაპოვარი საერთო ეროვნულ კუთვნილებად იქცევა.
No comments:
Post a Comment