Wednesday, January 30, 2013


ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოვლის სამხრეთ ფრესკაზე

განსაკუთრებული ინფორმაცია
ზოდიაქოს წრეზე განლაგებულია 12 თანავარსკვლავედი. ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე გადის მზის ხილული წლიური გზა ვარსკვლავთა შორის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს.

სწორედ ეს წრეა გამოსახული სვეტიცხოვლის სამხერთ ფრესკაზე,რომლის განხილვასაც შეძლებისდაგვარად წარმოგიდგენთ...

ფრესკაზე აპოკალიფსის ამსახაველი ფრაგმენტებია გამოსახული. ამ ფრესკის მთლიანად განხილვა ფრიად საინტერესოა, მაგრამ, ამჯერად მხოლოდ მის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულ ფრაგმენტს შევეხებით, სადაც კონცენტრულ წრეებში მაცხოვარი და მის გარშემო ანგელოზთა დასი, ზოდიაქოს რკალის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელ ცხოველთა გამოსახულებები,მზემთავარე და ვარსკვლავებია წარმოდგენილი.

მართლმადიდებლური სწავლებით სამყარო თვითმყოფადი არ არის,იგი ღვთის მიერ არის შექმნილი. უწყება სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულია სიტყვებით - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ“ (დაბადება I, 1). სიტყვა „დასაბამად“ იმ საწყის მომენტზე მიუთითებს, რომელშიც შეიქმნა უხილავი და ხილული სამყარო. უხილავ სამყაროში ანგელოზები იგულისხმება, ხილული სამყარო -მატერიალური - ნივთიერი სამყარო.
ვინაიდან საუბარი მართლმადიდებლურ ფრესკას და მასზე გამოსახულ „ცხოველთა-სახილველებს“ ეხება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია, იმ საკითხის განხილვა, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებითა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. საკითხის ამ კუთხით წარმოჩენა იმან მაფიქრებინა, რომ საზოგადოებაში მოარული მცდარი აზრის თანახმად, ზოგიერთი ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს ადამიანთა ბედის განმსაზღვრელად მიიჩნევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი შეხედულების რეკლამირებას ზოგიერთი ტელეარხი და ჟურნალ-გაზეთიც უწყობს ხელს, რაც მცდარ გზაზე მიმართავს ადამიანთა ცნობიერებას.
ფრაგმენტზე მაცხოვრის მახლობლად ოთხი ცხოველია გამოსახული, რომელთა შესახებაც წმიდა წერილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ: „და ყოველნი ანგელოზნი დგეს გარემოის საყდრისა... და ოთხთა მათ ცხოველთაისა“... (გამოცხ. VII, 11); ... „და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისა, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროისა, და მესამე ცხოველსა აქუნდა პირი კაცისა, და მეოთხე მსგავსი არწივისა მფრინველისა“ (გამოცხ. IV, 7).
საგულისხმოა ისიც, რომ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა სვეტიცხოვლისა) არსად გვხვდება ხსენებული ფრაგმენტის მსგავსი ფრესკა, ხოლო A-38 ხელნაწერი - „მცხეთის დავითნი“, რომელშიც მითითებულია ზოდიაქური გამოთვლები, ქალაქ მცხეთაში ინახებოდა. აღნიშნული იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ფრესკის ავტორი (ან მისი დამკვეთი), კარგად იცნობდა ამ ხელნაწერში მოცემულ ზოდიაქურ გამოთვლებს, რაც „გამოისახა“ კიდეც ფრესკაზე...
მთლინად ფრესკა,,მკვდართა აღდგომა" და ,,დიდება უფლისა",მორწმუნე ადამიანის სულში ღვთის შიშსა სა სინანულს,სამარადისო ცხოვრებისათვის ყოველდღიური მზადებისა და ყველა ქმნილებასთან ერთად ღვთის სადიდებლის აღვლენის სურვილს უნდა აღძრავდეს.
პრაქტიკული თვალსაზრისით ხსენებული ფრაგმენტი საქართველოში კარგად ცნობილი ხელნაწერის, ,,მცხეთის დავითნში" მოცემული ზოდიაქური გამოთვლების ერთგვარ ,,თვალსაჩინოებას" წარმოადგენს..

No comments:

Post a Comment